საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამძიმარს უცხადებენ ბაღდათში, სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.
ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა სამძიმრით დაიწყო.
„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ასევე, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
უამინდობას დასავლეთ საქართველოში მოჰყვა მსხვერპლი, ამ დრომდე, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებენ, მათ შორის, არიან ბავშვები.
მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას მაღალმთიან აჭარაშიც. მეწყერმა და ძლიერი თოვის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 90-ზე მეტი ოჯახი თავშესაფარშია გადაყვანილი.