„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას დებატებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებად აღიარებენ მხოლოდ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები „მუდმივ კომუნიკაციაში არიან საზოგადოებასთან და მედიისთვის არ არსებობს კითხვა, რომელსაც ისინი არ პასუხობენ“.
„[დებატების] მიზანი ის ხომ არ არის, კორიდა გაიმართოს და ყვირილი, ჩხუბი იყოს?! უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს.
და მეორე, ოპონენტებად ჩვენ ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, ის მტრობს საქართველოს კონსტიტუციას და, რა თქმა უნდა, რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ. მათ შორის ეს ეხება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს.
ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში ჩვენი მონაწილეობა დებატებში“, – თქვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 22 იანვარს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსია მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ მოისმინოს განსხვავებული აზრი, გააანალიზოს და არჩევანი გააკეთოს.
კობახიძე განცხადებაში წერს, რომ 2008 წლიდან „დიპ სტეიტის“ გავლენების გაძლიერების ფონზე საზოგადოებას „შესთავაზეს ხელოვნურად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზები, წაართვეს არჩევანის საშუალება და ყურადღება რეალური პრობლემებიდან აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს, რითაც ჯანსაღი დებატები გაქრა“.
მისი თქმით, „დიპ სტეიტის“ მმართველობის გეგმა საქართველოსაც შეეხო და პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს „არაჯანსაღი ვითარება უნდა გამოსწორდეს“.