პაპუაშვილი: დიახ, შეიძლება მე ვარ ხისტი, თუმცა მე ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უსმენენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შალვა პაპუაშვილს კითხვები დაუსვეს.

„თუ თქვენ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ ვარ ხისტი, ალბათ. თუ თქვენ სიმართლის პირდაპირ თქმას სიხისტეს ეძახით დიახ, შეიძლება მე ვარ ხისტი, თუმცა მე ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ და მთავარი ეს არის, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის საქმეში და სიტყვებში. რასაც მე ვამბობდი და ვიტყვი ამის შემდეგ იქნება სიმართლე, რომლისაც მჯერა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე სამართლიანი უნდა იყოს თითოეული დეპუტატის მიმართ.

„თავმჯდომარეობა ნიშნავს იმას, რომ სხდომათა დარბაზში თავმჯდომარე უნდა იყოს სამართლიანი და ასე უნდა უდგებოდეს თითოეულ დეპუტატს. ამავე დროს მე ვერ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და  მაქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომ განვახორციელოთ წინასაარჩევნო პროგრამა. ეს ის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომლითაც ვმოქმედებთ.

აქაც ვიტყვი, რომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ სად შეიძლება ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ხალხი აძლევს მანდატს პოლიტიკურ ძალებს და როცა პოლიტიკურ ძალას აძლევს მანდატს ხალხი, მან უნდა განახორციელოს ეს ვალდებულება.

ეს ის კალაპოტია, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და ამ კალაპოტს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შენაკადი და აქ იგულისხმება ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ეს კალაპოტი ყოველთვის შეიძლება შეივსოს და ეს ის როლია, რომელიც ოპოზიციამ შეიძლება შეასრულოს რომ გაამდიდროს პოლიტიკური ცხოვრება.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.