„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ერთადერთი ბარიერი – ტერიტორიების ოკუპაცია უდგას წინ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაზე.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ბარიერის მოხსნა რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია:
„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას, როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. […] სხვა საკითხებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე და ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“.
პაპუაშვილმა არ უპასუხა კითხვას „ბოდიშის მოხდასთან“ დაკავშირებით. რუსეთის საგარეოს წარმომადგენელმა თქვა, რომ:
„გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.