პაპუაშვილი: ეტყობა, სამნიძეს სადავეები გაექცა და ჯგუფის წევრებზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს

პუბლიკა

დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხა.

მისი თქმით პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელმაც ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული რიგი საკითხები უნდა განსაზღვროს, უკვე მომზადდა. ბრძანების შინაარსთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გამართა ოპოზიციურ პარტიებთან და დღეს, საბოლოო ვერსიის გადაგზავნის შემდეგ, მათთან საბოლოო კონსულტაციას გამართავს, რის შემდეგაც გამოიცემა ბრძანება და პარლამენტი ომბუდსმენის ვაკანსიაზე განაცხადების მიღებას დაიწყებს.

„ოპოზიციურ პარტიებთან ბრძანების პროექტი განვიხილეთ. შეუთანხმებელი საკითხი არ არსებობს. დღესვე მინდა, რომ შევძლოთ ბოლო კონსულტაციის გამართვა ბრძანებასთან დაკავშირებით, რომ გამოცხადდეს განცხადებების მიღების დაწყებაზე.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება. ვაშაძემ სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ პროცესს „თაღლითური სქემა უწოდა“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ვატყობ, სრულად ემიჯნება „რეფორმების ჯგუფს“ და ხათუნა სამნიძეს, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს სადავეები გაექცა პოლიტიკურ ჯგუფში და გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს ჯგუფის წევრებზე, რომლებიც სამწუხაროდ, ყველანაირ ზღვარს არიან გადასული, მათ შორის ეთიკურობის თვალსაზრისით. გუშინ ვნახე განცხადება, პარლამენტში, ასეთი ენა მიუღებელია და ეთიკურ სტანდარტებს სცდება, ზედმეტად დესტრუქციულია „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი” 2021 წლის ივნისში შეიქმნა. ფრაქციაში გაწევრიანებულია 5 დეპუტატი: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია.

ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხები პარლამენტის რეგლამენტით და თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დარეგულირდება. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უკვე შევიდა. რეგლამენტში ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის შეფასების 9-კაციან ჯგუფს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

შეფასების ჯგუფის შექმნამდე პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს გამართავს. სამუშაო ჯგუფის მიზანია სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველი პირების შეფასება. კანდიდატურები ფასდებიან კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი პარლამენტს წარუდგენს ერთ ან მეტს კანდიდატურას იმ პირთაგან, ვინც მიმართა საქართველოს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობისთვის.