პაპუაშვილი: EU-ის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი ამჯერად თავს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის ესხმის. მიზეზი „ვეტინგია“.

პაპუაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჰერჩინსკის გუშინდელი, 27 მარტის განცხადება იმის შესახებ, რომ „მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროება დგას”.

კერძოდ, პაველ ჰერჩინსკის თქმით, „თუ მივუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეიმუშავა გასულ წელს, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას და ეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს”.

მისი თქმით, საბოლოო მიზანი არის დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის მიღება, რომელმაც საქართველოში დემოკრატია უნდა გააძლიეროს.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩო საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსამართლეებზე „ორკესტრირებულ თავდასხმაში” დაადანაშაულა. 

„გუშინ მოქმედი ელჩის განცხადება „ვეტინგთან“ დაკავშირებით გამიკვირდა. მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ფაქტობრივად, 2 წელია, ასეთი განცხადებების გამო ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმის ობიექტი არიან.

გუშინ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მწუხარება მოგვესმინა, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უსამართლო იყო, არ ეყრდნობოდა ფაქტებს და იყო მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, რომ თურმე საჭიროა ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების [შემოწმება]. თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი „ენჯეო“ სექტორი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ის თავს დაესხა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ასევე, ისაუბრა ნიკა გვარამიაზე და მას „სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა“. ასევე, უარყოფით კონტექსტში კიდევ ერთხელ მოიხსენია დასავლური ქვეყნების საელჩოები, რომლებიც „არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ”. შალვა პაპუაშვილმა ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ვეტინგისაჭირო არ არის და მიუღებელია.

„ვეტინგის“ შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება 22 მარტსაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული პირებისა და კანდიდატებისთვის: იუსტიციის საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.

„ვეტინგი” ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. ის უნდა შეეხოს არა ყველა მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს, დაახლოებით 60 მოსამართლეს.

თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება და „კლანის მოსამართლეების” მტკიცებით, „ვეტინგი” აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს შეეხება.

„ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, ისე – სასამართლოების ლიდერები – ის პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.