პაპუაშვილი ეუთოს ასამბლეის განცხადებაზე: ვინც არის დემოკრატიის მტერი, ის ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით

პუბლიკა

„პირველი არხის“ ეთერში შალვა პაპუაშვილი დიალოგის აღდგენის საკითხზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოწოდებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, დიალოგისთვის პლატფორმები კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაღიარებით „დემოკრატიული თანაარსებობბის ხიდები დაწვა“.

მისი თქმით, დიალოგის პლატფორმა პარლამენტია და „სულმოუთქმელად ელოდებიან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს.“

„მიზანი არის არა დიალოგი, მიზანი არის კონსტიტუციურ ჩარჩოში ქვეყნის მართვა, მართვაში მონაწილეობა, თუკი ადამიანს აქვს ამისი მანდატი. ეს არის მიზანი. აქ საჭორაო ბიურო ხომ არ არის, რომ რაღაც საუბარზე იყოს მხოლოდ საუბარი. რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს ამ დიალოგს.

დიალოგის მიზანი პარტიებს შორის არის ის, რომ ის, ვისაც აქვს ხალხის მანდატი, პარლამენტის ფორმატში ჰქონდეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მიიღონ კანონები და ასე შემდეგ.

ჩვენ ხომ არ ვართ რაიმე, ასე ვთქვათ, პირველყოფილ თემურ წყობილებაში, სადაც სხვადასხვა ჯგუფებმა უნდა მონახონ საერთო ენა იმისთვის, რომ არ იყოს ომი. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუციური ჩარჩო და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ კონსტიტუციურ ჩარჩოში. არაფერი ახალის გამოგონება არ არის საჭირო.

ეუთოს დელეგაციასთან ამაზე გვქონდა საუბარი – რაიმე ახალი უნდა გამოვიგონოთ? ახალი დემოკრატია? დემოკრატიის ფორმა, ჩარჩო რაც არის მოცემული, რაც სხვა ქვეყანაში მოქმედებს, ზუსტად ისე მოქმედებს ჩვენთანაც. იქ, სადაც არიან ტერორისტები, ეპყრობიან მათ როგორც ტერორისტებს. იქ, სადაც არიან რადიკალები, იქ არიან რადიკალები. ყველას თავისი ნიშა აქვს. არიან რადიკალები, არიან ექსტრემისტები, ყველაფერს თავისი ნიშა აქვს. არავინ არ ითხოვს არც ერთ ქვეყანაში, რომ იყოს ერთმანეთში აზელილი დემოკრატიული და არადემოკრატიული ძალები.

ამიტომ ყველაფერს სინამდვილეში კონსტიტუცია ალაგებს, თავის ადგილს უჩენს ყველას. ვინც გადის დემოკრატიის მიღმა, ის რჩება დემოკრატიული პროცესების მიღმა, იმიტომ რომ თავს იყენებს დემოკრატიის მიღმა ერთი, და მეორე: ვინც არის დემოკრატიის მტერი, ის ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით. აი, ეს არის მარტივი ფორმულა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა. დელაგაციის ვიზიტის მიზანი, მათივე განმარტებით, დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ და დაიწყონ პირდაპირი კომუნიკაცია დიალოგის აღდგენის მიზნით. მთავრობას ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია“, – აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონმა.