„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი არ იქნება მიწვეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატის შეხვედრაზე დანიაში.
პაპუაშვილის თანახმად, დანიის პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებით დაასაბუთა.
ის თავს დაესხა დანიის საელჩოს სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე სიარულის გამო.
„წესით, უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ, არანაირი ევროინტეგრაციის შეჩერება არასდროს არ მომხდარა, მით უმეტეს, 28 ნოემბერს, როგორც თითქოს ისინი ციტირებენ.
დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეს გაასაჯაროებს დანიის პარლამენტის თავმჯდომარისგან მიღებულ წერილს და მის მიერ გაგზავნილ პასუხს.
„კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია. მეტიც, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა. მივუთითე წესდების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღოს ამგვარი ფორმატის ფორმატებში და არანაირი უფლება არ აქვს არავის, შეზღუდოს ეს მონაწილეობა. შესაბამისად, დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.