პაპუაშვილი განცხადებაში „უცხო ძალის“ დაწერაზე: ესაა ბინარული აზროვნება, როდესაც ადამიანებს უნდათ მხოლოდ ორი სიტყვის გაგონება: რუსეთის და ევროპის

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, „9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ“.

„განგვიმარტეთ, „უცხო ძალა“ რა ტერმინია, ვის გულისხმობთ და თქვენ არ იცით, რომ საბჭოთა არმიამ განახორციელა ეს დარბევა?“, – ჰკითხეს პაპუაშვილს.

პაპუაშვილის განცხადებით, „უცხო ძალა“ არის ყველა საქართველოს გარდა.

„რამე კითხვა არის აბა უცხო ძალასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება ყოფილიყო?“, – შეუბრუნა შეკითხვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს.

მან რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს ისევ „სამშობლოდაკარგულები“ უწოდა:

„მათ ჰგონიათ, არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ კარგი. ეს არის ზუსტად, რაც ვთქვი, არ ესმით ამ ადამიანებს, რას ნიშნავდა 1989 წლის 9 აპრილის გმირობა […] უცხო ძალა არის ყველა, გარდა საქართველოსა. ის, რაც არაა საქართველო, ესაა უცხო ძალა, წერტილი. სანამ ამას არ შეიგნებს ის ამაზრზენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ეს ძალადობის აქტი ჩაატარა რუსთაველზე, სანამ ამას არ შეიგნებენ, ისინი ვერ შეიგრძნობენ საქართველოს. საქართველოს მიღმა ყველაფერი არის უცხო და ეს არის წერტილი, როგორც ენობრივად, ისე – პოლიტიკურად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ დაიწერა განცხადებაში „უცხო ძალა“ და არა რუსეთი, პაპუაშვილი აცხადებს:

„ესეცაა ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რასაც ცდილობენ, ამ სამშობლოდაკარგული ადამიანების ხელით აკეთონ – ბინარული აზროვნება, როდესაც ადამიანებს უნდათ მხოლოდ ორი სიტყვის გაგონება: რუსეთის და ევროპის. სხვა შინაარსში ხომ არ ერკვევიან საერთოდ არაფრის. არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი-შავი, რუსეთი-ევროპა. სხვა ნაბიჯის გადადგმის და აზროვნების შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ეს ისტერიაც ამის მაჩვენებელი და მკვებავია, ადამიანები აზროვნებენ ბინარულად, უფრო სწორად, რეაგირებენ თრიგერებზე, გამაღიზიანებლებზე, სიტყვებზე, რომლებიც მათ უნდათ, მოსიმინონ. 1989 წელს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვნები და კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ – საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინ კითხვებს სვამს, რა მოხდა და როგორ მოხდა, ესაა პრობლემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


9 აპრილს ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც  რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს.

8 აპრილიდან პოლიტპატიმრების მშობლებმა და სხვა მოქალაქეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს.

04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სიმბოლურად ჩართეს საეკლესიო ზარების ჩანაწერი. მანამდე აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.