„გავუთიშავ მიკროფონს, ვინც „რუსულ კანონს" გამოიყენებს" — პაპუაშვილმა ელისაშვილი სხდომიდან გააძევა

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის პლენარული სხდომის დარბაზი დაატოვებინა.

სხდომაზე  „მოქალაქეების” ლიდერმა გააპროტესტა „ქართული ოცნების” ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რუსული კანონი პარლამენტში განსახილველად ბრუნდება.

„აგენტების კანონის უკან შემოტრიალება შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! – რატომ არის და იმიტომ, ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადების საპასუხოდ ელისაშვილს მიკროფონი გამოურთო და თქვა, რომ ყველა დეპუტატს გამოურთავს მიკროფონს, ვინც გამოიყენებს ტერმინს „რუსული კანონი”.

მიკროფონის გამორთვის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა თავისი განცხადების გაკეთება განაგრძო, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მას მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდა.

ამის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს სხდომა დაატოვებინა.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.