პაპუაშვილი კოდექსში შესატან ცვლილებებზე: ეს კომპანიები გარკვეული აქტივობებისთვის პოლიტიკური პლატფორმა ხდება

პუბლიკა

გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, წამყვანის თქმით – „დაჯარიმდება კომპანია, რომელიც ახორციელებს ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას“.

საუბარია, ცვლილებებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გუშინ, 29 იანვარს დააინიციირა.

ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ქმედება დაისჯება ჯარიმით 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის ხელახლა დარღვევა – 40 000 ლარის ოდენობით.

„პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რამე გავლენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“, – აღნიშნულია პროექტში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები არ ეხება ფიზიკურ პირებს და ის მხოლოდ კომპანიებზე გავრცელდება.

„ეს არ ეხებათ ფიზიკურ პირებს. ეს ეხებათ იურიდიულ პირებს, ანუ კომპანიებს და კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას. საქართველოში იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაკეთება აკრძალული აქვთ. თუკი ვთანხმდებით, რომ იურიდიულ პირებს აკრძალული აქვთ პარტიის დაფინანსება და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნა, მაშინ რა თქმა უნდა, ასევე აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს ჩართული პოლიტიკაში. ეს რეგულაცია ამას გულისხმობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა დამაზუსტებელი კითხვა დასვა და რესპონდენტს პრაქტიკული მაგალითების დასახელება სთხოვა, რომლის გამოც კანონში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ცდილობენ, რომ  გარეშე ძალებს ასიამოვნონ. ზოგიერთი ბიზნესმენია, მათ პირადად რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ საკუთარ კომპანიებს წამოაყენებენ და ეს კომპანიები ხდება პოლიტიკური პლატფორმა გარკვეული აქტივობების, მათ შორის მათი რეკლამა, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.

თუკი კომპანიას აკრძალული აქვს პარტიის დაფინანსება, მით უფრო აკრძალული უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში ყოფნა.

აქ მეორე მომენტიც არის – კომპანიები და იურიდიული პირები ხშირად გარკვეულ სერვისს უწევენ მოქალაქეებს. მოქალაქეები სხვადასხვა პროდუქტის მომხმარებლები არიან. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ იურიდიულ პირს იყენებენ სიძულვილისთვის, ეს თანასწორობის უფლების დარღვევაა.

როცა ადამიანის, ბიზნესმენის პოზიციაა – ხელი არ ჩამოართვა, გარიყო, ბიომასა დაუძახო, შეიზიზღო; როდესაც ამ ადამიანს აქვს კომპანია, თუნდაც ეს შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც მომსახურებას წევს, იქ ადამიანი რომ შედის და მტრულ გარემოს ახვედრებ, მათ შორის, შეიძლება რაღაც ბანერებით, განცხადებებით…

მტრულ გარემოს ახვედრებს პირადად მის წინააღმდეგ. ამიტომ, თვითონ რაც უნდა ის ქნან, თავის სიძულვილში ბოლომდე ჩაიხარშონ, მაგრამ მათმა იურიდიულმა პირებმა ნება იბოძონ და თანაბრად მოეპყრონ ყველას და არ გახდნენ პოლიტიკური პლატფორმა. ბიზნესი არის იმისთვის, რომ ბიზნესი აკეთოს. კომერციით იყოს დაკავებული, თუ პოლიტიკა უნდათ, წავიდნენ პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.