პაპუაშვილი: კონფერენციიდან ერთი დღეც არ იყო გასული და „ნაციონალებმა“ ოლიგარქიაზე დაიწყეს საუბარი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინის“ შესახებ და განაცხადა, რომ მონაწილეობაზე უარი თქვა იმიტომ, რომ არ სურდა, ხელი შეეწყო რადიკალური დღის წესრიგისთვის.

მისი თქმით, ის ხალხი, ვისაც კონფერენციაზე ტრიბუნა მიეცა, „თავიანთ რადიკალურ დღის წესრიგში თავს გამყარებულად გრძნობენ“. პაპუაშვილმა სამი პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ დაასახელა.

„მიზეზი ამ კონფერენციაში მონაწილეობის არმიღებისა ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ ჩვენ არ გვინდოდა, ხელი შეგვეწყო რადიკალური დღის წესრიგისთვის. ის ხალხი, ვისაც იმ კონფერენციაზე ტრიბუნა მიეცათ, გამყარებულად გრძნობენ თავს თავის რადიკალურ დღის წესრიგში.

კონფერენციიდან ერთი დღეც არ იყო გასული, როდესაც გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ოლიგარქიასა და სანქციებზე საუბარი, „ლელოს“ მხრიდან რუსეთთან კავშირებზე საუბარი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რაღაც ისტერიის დამკვიდრება უნდათ.

საგამოძიებო კომისიასა და სანქციებზე საუბარი ნაწილია რადიკალური დღის წესრიგის და, სამწუხაროდ, იმ კონფერენციაზე ტრიბუნის მიცემით ეს რადიკალური ძალები საკუთარ დღის წესრიგში გამყარებულად გრძნობენ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც 5-6 სექტემბერს თბილისში გაიმართა, საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.