პაპუაშვილი „მაგნიტსკის ევროპულ სიაზე": რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „მაგნეტსკის ევროპული სიის“ გახანგრძლივების მხარდაჭერაზე უარს იმით ხსნის, რომ საქართველო რუსეთის მიმართ სანქციებს არ უერთდება.

„ეს სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანასაც ეხება, მათ შორის საქართველოც მიუერთდა ჩრდილო კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, საქართველოს განცხადებული პოლიტიკა აქვს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს ის საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი.

რაც შეხება გადაწყვეტილებასა და დეტალებს, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი“. – განაცხადა შალა პაპუაშვილმა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.

საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.

„მაგნიტსკის აქტი” თავდაპირველად 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. მისი მიზანი იყო პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სერგეი მაგნიტსკის რუსეთის ციხეში სიკვდილზე.

უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი, სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა, სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, საპატიმროში გარდაიცვალა,  დაკავებიდან 11 თვის თავზე.

2016 წელს აშშ-მ „მაგნიტსკის გლობალური აქტი” დაამტკიცა. დოკუმენტის საფუძველზე აშშ-ს შეუძლია, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს დაუწესოს.

ევროკავშირმა აშშ-ის დოკუმენტის ანალოგი – „მაგნეტსკის ევროპული აქტი” 2020 წელს მიიღო. დოკუმენტი მას საშუალებას აძლევს, „გაყინოს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ქონება, დააწესონ სანქციები მოგზაურობასთან დაკავშირებით და სხვა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარღვევენ ადამიანის უფლებებს”. 2020 წელს საქართველომ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

„მაგნიტსკის ევროპულ სიაში” არიან რუსეთის, ჩინეთის, სუდანის, მიანმარის, სირიის, ჩრდილო კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები.