პაპუაშვილი მანიპულაციას უწოდებს კრიტიკას, რომ დავითაშვილი პუტინის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

პუბლიკა

„მანიპულაციის კლასიკური მაგალითია“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის დასწრებას მაშინ, როდესაც სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოდიოდა.

შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ იმავე ვითარებაში უკრაინის წარმომადგენელი დარბაზს დატოვებდა, პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით უკრაინა-საქართველოს შედარება საქართველოს საზიანო არ იქნება.

„საქართველოში 2008 წელს აგრესია განხორციელებული იყო, როდესაც უკრაინულმა არმიამ 2010 წლის 9 მაისს რუსულ გვარდიასთან ერთად აღნიშნავდა, ამიტომ უკრაინა-საქართველოს შედარება რუსეთთან მიმართებით ისტორიულ ჭრილში, არ მგონია საქართველოს საზიანოდ იყოს.

რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი რომელსაც ესწრებოდა საქართველო და სხვათა შორის, ესწრებოდა ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამ დიდ ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი 17-18 ოქტომბერს ჩინეთში ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვასაც მოუსმინა. ინფორმაცია თავდაპირველად „ტაბულამ” გაავრცელა.

ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმი” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ბანკეტიც.

17 ოქტომბერს გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, რომ სტუმრები უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძიპინის სიტყვით გამოსვლას. სტუმრებს შორის არიან როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე ლევან დავითაშვილი, ასევე, საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია.

რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი სიტყვით გამოვიდნენ როგორც სი ძიპინი, ისე ვლადიმირ პუტინი. ლევან დავითაშვილი და არჩილ კალანდია ორივე მათგანის გამოსვლას დაესწრნენ.