საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაციაა საქართველოში.
„ეს არის მოთხოვნა ევროკავშირის და ჩვენ ოფიციალურად რამდენჯერმე მოგვმართა, მათ შორის რამდენიმე კვირის წინაც, ევროკომისიამ წერილით, ამ დირექტივის იმპლემენტაციისთვის საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ოქტომბრამდე არ გადაიდგმება ნაბიჯები, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე. თუ ახლა საბოლოოდ არ მივიღებთ და არ მოვახდენთ ამ დირექტივის იმპლემენტაციას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და საერთოდ არ გვექნება წვდომა. ამიტომ ეს არის მოთხოვნა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.
რა წერია ცვლილებების პროექტში
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა. ცვლილებების ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები არიან.
ცვლილებების მიხედვით, შემოდის სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა და ფართოვდება ე.წ. პასუხის უფლება დაინტერესებული პირისთვის.
კერძოდ, თუ დაინტერესებული პირი მიიჩნევს, რომ მისი ინტერესები შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს უფლება, ფაქტის გავრცელებიდან 10 დღის ვადაში მოსთხოვოს კონკრეტულ მაუწყებელს მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა.
ცვლილებების მიხედვით, შემოდის სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას.
ცვლილებებით კომისიის სამართლებრივი აქტის ამოქმედების სტანდარტიც იცვლება.
მარეგულირებელი კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.
წარმოდგენილი ცვლილებების კრიტიკული ანალიზი
მედიაომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს მაუწყებლობის კანონში ცვლილებების პროექტს. ორგანიზაციის შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული პაკეტი წარმოადგენს 2018 წლის 28 დეკემბერს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაუარესებულ ვერსიას, რომელიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული მედიის ადვოკატირების მიერ.
მედიაომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს ცვლილებებს პროცესს და გამოჰყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
მედიაომბუდსმენის შეფასებით, კომისიის სამართლებრივი აქტის ამოქმედების სტანდარტის ცვლილება, კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების დასჯის პრაქტიკის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.
მედიაომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს ე.წ. პასუხის უფლების შესახებ ჩანაწერს და დაინტერესებული პირის უფლებების გაუმართლებელ გაფართოებას.
ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებების ასე მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაინტერესებული პირის უფლების გაფართოება, რაც შექმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მაღალ რისკს პოლიტიკოსების ან/და პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან.
მედიაომბუსმენი სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვის შესახებ მუხლსაც ეხება.
ორგანიზაციის შეფასებით, თვითრეგულირების პროცესის ცვლილება შესაძლებელია, გამოყენებული იყოს მედიასაშუალებების შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმად.