პაპუაშვილი მოშიმშილეებზე: ასეთი საქციელი ახალისებს სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს ექიმებთან

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა.

„მე ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, მოშიმშილეების მონახულების შემდეგ განაცხადა.

„პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი, საბოლოო ჯამში, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე შიმშილობა გამოაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისამილოვამ. ისინი ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დღეს მოშიმშილეებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა.