პაპუაშვილი: მოვამზადეთ განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. MEGOBARI აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტმა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალური განცხადება მოამზადა. ამის შესახებ „ოცნების” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე განცხადებას ხვალ, 14 მაისს განიხილავენ.

„დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ეხება, მათ შორის, MEGOBARI აქტის საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში, ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, მოვამზადეთ განცხადება, რომელიც ეხება ამ ე.წ. MEGOBARI აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.

ინიციატორები გახლავართ მე და ყველა ფრაქციის თავმჯდომარე. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები ხვალ შედგება პარლამენტში, როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.

ზოგადად მინდა, აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა. დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც საქართველოში არის.

ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის არის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რა არის რეალობა არგუმენტებზე დაყრდნობით და ასევე, გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ამ აქტის სახით“, – თქვა პაპუაშვილმა.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ 6 მაისს მიიღო. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა.

კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის მხარდაჭერა სჭირდება – წარმომადგენელთა პალატის შემდეგ იგივე კანონპროექტი სენატმა უნდა მიიღოს. საერთო ვერსიის დამტკიცების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება.

MEGOBARI ACT” ითვალისწინებს:

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას.