პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება „მთავარ არხთან” დაკავშირებით „რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქმე „შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ”.
„ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებენ „რუსთავი 2″-ში იქნება თუ „მთავარ არხში”. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვიცი, რაც მე ვნახე შიგნით კომპანიაში არის დავა და ფაქტობრივად სახეზეა მამხილებელი, რომელიც შიგნიდან ამხელს, იმ თაღლითურ სქემებს, რომელიც როგორც ჩანს ამ ორგანიზაციაში არის და შესაბამისმა უწყებებმა ეს უნდა შეისწავლონ.
თუმცა თავად ეს კარგად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე: თაღლითებთან, რომლებიც შავი ფულის მედიაში შემოდინებით, ფულის გათეთრებით ცდილობენ შექმნან მედია მენეჯერების თუ ჟურნალისტების ანტურაჟი და გვახსოვს, ისეთ აბსურდამდე მივედით, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ტელევიზიებს დასდევდა და ხურავდა, წარმოგვიდგენდა როგორც ტანჯულ ჟურნალისტს, რომელიც უნდა გათავისუფლებულიყო ციხიდან. მათ ამას მიაღწიეს, სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა და ზეწოლით მოხდა ნიკა გვარამიას შეწყალება.
ადამიანებს როცა აქვთ ერთი სტილი უკანონობის, ამ სტილს შემდეგ აღარ სცილდებიან. ვნახოთ, იმედია, შეისწავლიან ამ საკითხს შესაბამისი უწყებები და გვეცოდინება უფრო მეტი”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
15 ოქტომბერს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის წერილები. ტელევიზიის მტკიცებით, ქურდაძე აღწერს სქემას, რომლითაც „მთავარში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს. რ2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდაძემ წერილობითი კომუნიკაცია ბანკებთან 13 სექტემბრიდან დაიწყო – „უკანონო ფულის ბრუნვის“ შეჩერების მიზნით, მათ კი 7, 10 და 11 ოქტომბერს გაგზავნილი წერილები მოიპოვეს. ქურდაძე ამტკიცებს, რომ კომპანიების დირექტორებმა – ნიკა გვარამიამ, თეა გვარამიამ, გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ იცოდნენ ნაღდი ფულის ბრუნვის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შესაბამისი უწყებები ალბათ შეისწავლიან ამ საქმეს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე „მთავარი არხი“ კი აცხადებს, რომ არასოდეს განუხორციელებიათ არცერთი უკანონო ტრანზაქცია. ტელევიზიის განცხადებით, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის „გამოგონილი ბრალდებების“ მიზანია კრიტიკულ მედიას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები და შედეგად არჩევნებამდე მაუწყებლობა შეწყვიტონ.