პაპუაშვილი: მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების ბაზის შექმნას ვიწყებთ

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“.

„ამ მოცემულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეები სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები. ამ მიზნით, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურებით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, ვინც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.

ეს ყველაფერი განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, მუქარა და ძალადობა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება, სადაც უწყება ისევ „რევოლუციურ სცენარზე” საუბრობს.