„სინამდვილეში, NATO-ს ღია კარი ემსგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა ისიც, რომ „სინამდვილეში NATO-შია ჩამოუყალიბებლობა გაფართოებასთან დაკავშირებით”.
პაპუაშვილმა თქვა, რომ მკაფიო პასუხი სჭირდებათ ევროპისგანაც – თუ რა არის NATO-ს ღია კარი? – ეს არის სახედრის წინ ჩამოკიდებული სტაფილო, რომელსაც ვერასდროს მიწვდები თუ ეს არის რეალური შესაძლებლობა:
„რაც შეეხება აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიას NATO-სთან მიმართებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიტყვებს, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ – დიდი ხანია უკვე, რომ ბურთი არის NATO-ს ტერიტორიაზე, NATO-ს მოედანზეა ეს ბურთი და ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვქონდა.
ზუსტად, ამ სტრატეგიამაც აჩვენა კიდევ ერთხელ, რომ სინამდვილეში NATO-შია ჩამოუყალიბებლობა გაფართოებასთან დაკავშირებით და სინამდვილეში, NATO-ს ღია კარი ემგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს, რომელიც მოტივატორია, რომ წაიყვანო იმ მიმართულებით, რომლითაც გინდა, მაგრამ სახედარი ვერასფროს ვერ მიწვდება იმ სტაფილოს – ეს არის მთელი მწარე რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში.
ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, უკრაინა ამის გამო სისხლს ღვრის ახლა, ამ წუთებში NATO-ს წევრობისთვის. იმისთვის დაიწყო ომი, NATO-ს წევრი რომ იყოს, ამ უფლებისთვის დაიწყო ომი – ამისთვის იბრძვის უკრაინა…
სინადვილეში, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს იმას, რაც მისი პოლიტიკაა, პრობლემა კი არის იმ ფარისევლებში, რომლებიც ამბობენ, რომ – „კონსენსუსი არაა, ხვალ იქნება თუ მაზეგ იქნება, არ ვიცით, კარი ღიაა”.
სინამდვილეში, კი მართლდება ის, რაც ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე თქვა, როდესაც მას უთხრეს, რომ კარი ღია არის NATO-სიო. მისი პასუხი იყო – „ნამეტანი დიდხანს ნუ დაგვაყენებთ ღია კარში, იმიტომ, რომ ორპირ ქარში გაციება იცისო”.
ეს არის რაზეც ჩვენ გვინდა ახლა მკაფიო პასუხი, ერთია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია, მაგრამ აქ ევროპელების პასუხიც გვაინტერესებს – ბოლოს და ბოლოს რა არის NATO-ს ღია კარი? – ეს არის სახედრის წინ ჩამოკიდებული სტაფილო, რომელსაც ვერასდროს ვერ მიწვდები და უბრალოდ იმისთვის არის, რომ შენ ჭკუაზე ატარო და იქით წაიყვანო, საითაც გინდა თუ ეს არის რეალური შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ამ სტრატეგიით, რომ ამ ღია კარის ისტორია უფრო სხვანაირი კალაპოტით მიდის”, – განაცხადა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის” ეთერში.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.