პაპუაშვილი ოპოზიციის აკრძალვის დაპირებას გერმანიაში AfD-ის აკრძალვის მოწოდებებს ადარებს

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების” დაპირებას, აკრძალოს ოპოზიცია საქართველოში, ადარებს გერმანული პოლიტიკური პარტიების მოწოდებებს, გადაიდგას ნაბიჯები ულტრამემარჯვენე, პოპულისტური, ევროსკეპტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ასაკრძალად.

პაპუაშვილის შეფასებით, „გერმანიის მსხვილი პარტიების გადაწყვეტილება, აკრძალონ ქვეყანაში სიდიდით მეორე მხარდაჭერის მქონე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ცხადყოფს მიკერძოებას, თუ არა ფარისევლობას, რომელსაც დასავლეთის ზოგიერთი პარტნიორი ავლენს საქართველოს მთავრობის მიმართ, მათ შორის გერმანიაში”.

2024 წლის მაისში გერმანულმა სასამართლომ ულტრამეარჯვენე, პოპულისტური პარტია, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობა, გმერმანიაში, AfD „ექსტრემიზმში ეჭვმიტანილად” გამოაცხადა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვეში, მიმდინარე წლის სექტემბერში AfD-მ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში, ორ რეგიონში: ტიურინგენსა და საქსონიაში გაიმარჯვა.

AfD პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელმაც ნაცისტური ეპოქის შემდეგ გერმანიაში რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „კონსტიტუციის დამრღვევი პარტიის აკრძალვის სამართლებრივი პროცედურების დაწყება დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალური პროცესია და ასე უნდა იქნას მიღებული და არა აუცილებლად დემოკრატიის „უკან დახევის“ ან „უკუსვლის“ ნიშნად, რაც ჩვეულებრივ მზა კლიშედ გამოიყენება ჩვენი უცხოელი ოპონენტების მიერ ქართულ პოლიტიკაზე კომენტირებისას.”.

„საქმე კიდევ უფრო პარადოქსულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ AfD-ს გერმანიაში ძალაუფლება არასოდეს ჰქონია. ლოგიკურად, მათი ერთადერთი სავარაუდო დანაშაული მათი რიტორიკა ან გეგმებია. მაშინ, როცა საქართველოს შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევით გაითქვა სახელი”, – დაწერა მან.

პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის კანონიერების კონტექსტში ახსენა მოლდოვის მაგალითიც.

ეს რიტორიკა მანამდეც არაერთხელ გაიმეორეს მმართველი პარტიის სხვა წევრებმა.

როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები აკრძალეს.

მოლდოვაში 2023 საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტია Șor Party. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამ პარტიის მიერ მოწყობილი მრავალთვიანი პროტესტი პროდასავლური მთავრობის და პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. 1 წლის თავზე იმავე სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.

ხოლო უკრაინაში, 2022 წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც პრორუსული პარტიების მუშაობა აიკრძალა. მანამდე, ამავე წლის 20 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეაჩერა 11 პრორუსული პოლიტიკური პარტია, სანამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა.

2024 წლის 20 ივნისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა პოლიტიკურ ბლოკ „ჩვენს მიწას” ბრალი წარუდგინა უკრაინის წინააღდეგ დივერსიულ ქმედებებში. ამით უკრაინაში აკრძალული პარტიების რიცხვი 19-მდე გაიზარდა.