პაპუაშვილი: ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან, არასერიოზულია

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „არასერიოზულია”. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. არასერიოზულია და მე ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ. ნადვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, რომ გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა  განაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.

მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეცვალოს ის ტრაექტორია, რომელზეც არის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა.