პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. დღეს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის მიუხედავად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს XI მოწვევის პარლამენტი იკრიბება.
„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით, შესაბამისად, იმისთვის რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მოქალაქეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება.
19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა პარლამენტის 30-მა წევრმაც.