პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ.
მისი თქმით, „ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი” და პარლამენტის პირველი სხდომა მხოლოდ „ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს”.
„მე მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.
რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები. ეს გახლავთ ჩვენი შიდა, სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას. მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის.
ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს.
საქმე გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან კონსტიტუციური ორგანოების, პარლამენტის წევრები, მთავრობა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება პარლამენტის სხდომა – დღის წესრიგის პირველი საკითხი უფლებამოსილების ცნობა იქნება.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად.