პაპუაშვილი: პარლამენტის წინ შეიკრიბონ, არავინ არავის არაფერს უშლის

პუბლიკა

პარლამენტის წინ ხედავთ ტერიტორიას, საკმაო ადამიანს იტევს და ხედავთ, რომ ვერც ავსებენ ამ ტერიტორიას, შეიკრიბონ, იყვნენ, არავინ არაფერს არავის არ უშლის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროტესტის შემზღუდავ ახალ კანონზე საუბრისას.

კანონი, რომელიც „ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო, დღეიდან, 12 დეკემბრიდან ამოქმედდა.

კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აქცია იზღუდება საფეხმავლო გზაზეც. თუ აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს – აუცილებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება.

შსს-ს შეუძლია, აქციის ორგანიზატორებს, გაფრთხილებაზე მიმართვის საპასუხოდ, აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული დრო, ადგილი და მიმართულება შესთავაზოს. შსს-ს ეს მითითება შესასრულებლად სავალდებულო იქნება. კანონის მოთხოვნების დარღვევაზე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორება კი სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ აქციაზე მონაწილეთა „საკმაო რაოდენობა“ იქნება, მათ არც საავტომობილო და არც საფეხმავლო გზის გადაკეტვას არ შეუზღუდავენ, მაგრამ „20-მა და 3-მა კაცმა“ გზები არ უნდა გადაკეტოს. პაპუაშვილისვე სიტყვებით, პარლამენტის წინ ტერიტორიაზე დგომას მათ არავინ უშლის.

„საქმე საერთო ჯამში ეხება ელემენტარულ, საღ, ადამიანურ ლოგიკას და გონივრულ განსჯას. გაქვს რამე სათქმელი, რომელიც გინდა აქციით გამოხატო? გამოდი, თანხმობის გარეშე თქვი, რაც გინდა, თუკი შენ აპირებ, რომ სათქმელის გარდა შექმნა რაღაცა სხვა ბარიერები შენი თანამოქალაქეებისთვის – გადაკეტო საავტომობილო გზა, გადაკეტო საფეხმავლო გზა, თუკი გინდა, რომ შექმნა დისკომოფრტი შენი თანამოქალაქეებისთვის, ამისთვის უნდა იყო საკმაო რაოდენობით.

თუ იქნებით საკმაო რაოდენობის, არავინ არ გიშლის. თუ იქნები ცოტა, 20-მა კაცმა არ გადაკეტოს საავტომობილო გზა და სამმა არ გადაკეტოს საფეხმავლო გზა. რა არის ახლა ამაში გაუგებარი, აუხსნელი და მიუღებელი?

აგერ, პარლამენტის წინ ხედავთ ტერიტორიას, საკმაო ადამიანს იტევს და ხედავთ, რომ ვერც ავსებენ ამ ტერიტორიას, შეიკრიბონ, იყვნენ, არავინ არაფერს არავის არ უშლის“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.