პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ჰკითხეს.

პაპუაშვილმა თქვა, რომ „ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა”.

„ეს გახლავთ ქალბატონ სალომეს კერძო მგზავრობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უცნობი და უინტერესოა“. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის მიუნხენში პრემიერ-მინისტრი, პაპუაშვილი პასუხობს, რომ კონფერენციაზე საქართველო უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია იქ უმაღლეს დონეზე, კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ეს გახლდათ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირსა და Nato-ში შედგეს. პრემიერ-მინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის და ნატო-ს ყველა ხელმძღვანელთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიუნხენში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ღონისძიებაზე მიწვევით და თავისი ხარჯებით ჩავიდა. დღეს, 17 თებერვალს ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაესაუბრა. ასევე, შეხვდა ამერიკელ სენატორებს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა, სადაც ირაკლი კობახიძე გაემგზავრება, ბრიუსელში 20 თებერვალს გაიმართება.