„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნების მახლობლად ქოლცენტრები ჰქონდა განთავსებული, მათ ე.წ. კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დაახლოებით 6000 „კაპიტანი“ იყო რეგისტრირებული. ქოლცენტრის ოპერატორს ბაზაში შეჰყავდა იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ და 41 გააფერადეს, ამ მონაცემებს კი რეალურ დროში ხედავდა პარტიის ცენტრალური ოფისი.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს პარტიული სამუშაოა და „საარჩევნოდ უპირველეს ყოვლისა ეს გულისხმობს იცოდე და იცნობდე შენ ამომრჩეველს და მეორე, უზრუნველყო, რომ შენი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“. მისივე განცხადებით, ეს საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია და ამ თემაზე ტრენინგებსაც ატარდება NDI და IRI.
„ბოლოს ახლა რასაც ჩაეჭიდნენ გუშინ წინ თუ რაც იყო, იყო „ტვ პირველის“ სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა, უფრო სწორად მანიპულაციაა, იმ მხრივ, რომ წარმოჩენილია თითქოს ამომრჩევლის მობილიზება იყოს რაიმე, რაც არა თუ კანონს არ შეესაბამება, რაიმე სტანდარტს არღვევს, პირიქით, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ზუსტად ამას ვამბობ,თუ კი ამას ეძახიან გაყალბებას, მაშინ ეს NDI-ის მეთოდი ყოფილა და NDI-ის კითხონ აბა“, – ამბობს პაპუაშვილი.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „კაპიტნები“ აკონტროლებდნენ აგიტატორებს, ასევე ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ორგანიზებულად ახდენდნენ, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით მოქალაქეებს ურეკავდნენ და მათგან ხმის მისაცემად უბანზე მისვლას მოითხოვდნენ. პარტიული „კაპიტნების“ სიაში „ნოდარ მელაძის შაბათმა“ ცნობილი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძეც აღმოაჩინა. კობაიძემ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნებას“ ნამდვილად ეხმარებოდა.