პაპუაშვილი: რამდენიმე ქვეყნის პარლამენტარებმა გამოთქვეს ვიზიტის სურვილი და ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას დაუკავშირდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმდჯომარეები და საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს.

პაპუაშვილის თქმით, მათ მომდევნო კვირაში ვიზიტი არ ურჩია, თუმცა რჩევა არ გაითვალისწინეს და მაინც ჩამოდიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავად მათთან შესახვედრად დრო არ ექნება.

„მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14 [მაისი], ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას.

ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს.

მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.