„როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსების მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ“, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას ბრალდებას, რომ მან დღეს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა წაახალისა.
„ყველაზე დიდი უბედურება, რომლის სათქმელადაც აქ შემოვედი, არის ის ტერორი, რომელიც თქვენი განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილთან დაკავშირებით მოხდა. თქვენი განცხადება, რომელიც მინიმუმ არის წახალისება ახალგაზრდა კაცის ზურგიდან მიპარვით ცემის და არის წახალისება, რომელიც თქვენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოაცხადეთ. რაც არ უნდა იძახოთ ახლა აქ, რომ სანქციების არ გეშინიათ, ამ ქვეყანას რასაც მოუტანთ და რაც უკვე მოუტანეთ, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. მაშინ, როდესაც თქვენს განცხადებაში ლაპარაკობთ, რომ ტერორი, რადიკალიზმი და უბედურება დასავლეთიდან მოდის და თან მეორე მხრივ ამბობთ, რომ ღირსებით ვითომ ევროპისკენ მიდიხართ, ეს არის თქვენი ღირსება?“, – განაცხადა თენოა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე.
პაპუაშვილმა აქუბარდიას განცხადებას სამარცხვინო ტყუილი უწოდა და კონკრეტული ორგანიზაციების თანამშრომელი, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი ტერორის მოწყობაში დაადანაშაულა.