პაპუაშვილი რუსეთის სანქცირებაზე: ვხელმძღვანელობთ ხალხის მანდატით და არა ენმ-ს კარნახით

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთისთვის სანქციების დაკისრების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელმძღვანელობს ხალხის მანდატით და არა „ნაციონალური მოძრაობის“ კარნახით.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან წარმოებულ ისტერიას – იქნება ეს სანქცია, რეზოლუცია და ა.შ.  რა თქმა უნდა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ხალხის მანდატით და არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, კარნახით თუ მათთან შეთანხმებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხელმძღვანელობს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას.

რაც შეეხება რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, მათ შორის ახლაც და გუშინდელ მის მიმართვას, რაც არის საპატივცემულო მისი პოზიცია, რომ ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისთვოს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით. აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლებაც ამ პრინციპებზე დაყრდნობით ისარგებლებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სხვადახვა ქვეყანა თავიანთ ხელთ არსებული ბერკეტების გათვალისწინებით იღებენ სხვადასხვა ღონისძიებებს და საქართველოს ხელისუფლებაც იმოქმედებს „ამ ინტერესების და მიზნების გათვალისწინებით, იმ საშუალებებით, რომელიც მას აქვს“.