„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საინფორმაციო ხმაურის შექმნის” მცდელობად აფასებს ჯო უილსონის შესწორებას „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ.
„ქართული ოცნების” არაღიარების კანონპროექტი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანეს.
„წელიწადზე მეტია რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს, ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება, მილიონიანი კონტრაქტი. ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური. ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ – ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით, კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს.
ამ ადამიანის კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემ მიერ მომზადებული „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტს დაემატება. კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია”. – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” გულისხმობს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.
ამის მიზეზად დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი კანონია, რომელიც ადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოს და ბიუჯეტს. აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს იურიდიულ უფლებამოსილებას, შეასრულოს თავისი მოვალეობები საგარეო საქმეებში, ამტკიცებს ან ცვლის მის სტრუქტურას და განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ პრიორიტეტებს, მაგალითად, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო უსაფრთხოება და სხვა. აქტი ზოგჯერ შეიცავს დამატებით დებულებებს, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე.