პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთ ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „თუკი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ჩრდილოეთიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ“.
ამის შესახებ მან ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ კვლევის მიხედვით, „საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ბევრ სფეროში უსწრებს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ჭიანურდება”. როგორც კვლევაშია მითითებული, „საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება”.
„ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ როდესაც საქმე ეხება ფაქტებსა და რეალობას, იქ ნათელი არის საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით.
ეს აჩვენებს, თუ როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, თუკი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ.
სხვადასხვა პოლიტიკოსები და ჯგუფები პირდაპირ სიყალბესა და ცრუ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს, თითქოსდა არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც არის ზუსტად ცრუ ნარატივების შექმნა და გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ.
ყოველ ჯერზე ან კვლევებით დასტურდება, რომ ეს არის სიცრუე, ან ყოველ ჯერზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადასტურებს ხოლმე, რომ ეს არის სიცრუე. არცერთი დიპლომატისგან, რომლებიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ. არცერთი დონორისგან, არცერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან ქართველ ხალხს ბოდიში არ მოუსმენია და პირიქით, აგრძელებენ ხოლმე კვლავ ცრუ ნარატივების გავრცელებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.