პაპუაშვილი: სავარაუდოდ, 18-19 ივლისი იქნება რიგგარეშე სესია

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რიგგარეშე სესია 18 და 19 ივლისს გაიმართება.

რიგგარეშე სესიაზე იგეგმება რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის, ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით მიღება. პაპუაშვილის თქმით, სხდომაზე უნდა აირჩიონ გენერალური პროკურორიც.

„რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიციირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა, რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება რიგგარეშე სესია. სავარაუდოდ, ხუთშაბათი პარასკევი, 18-19 ივლისი იქნება რიგგარეშე სესია“, – განაცხადა მან.

რიგგარეშე სესიას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. სესიის მოწვევის თაობაზე მოთხოვნა პრეზიდენტს წერილობით გადაეცემა. პრეზიდენტი სესიის მოწვევის აქტს მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოსცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.