პაპუაშვილი: „შტამპი“, რომელსაც მესაზღვრე არტყამს, ჩათვალეთ არის ვიზა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზღვარი სრულად კონტროლირებადია და მესაზღვრეები გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული.

ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვარზე ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით სელექცია არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზღვარზე მხოლოდ რუსებს უშვებენ და ჩრდილოეთ კავკასიელებს არა, სიცრუეა.

„არანაირი სელექცია ადამიანების მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ ხდება, პირიქით, სწორედ ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ სელექცია მოხდეს, ქსენოფობია ჩვენი ოპონენტებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკაა. დასტურდება შემოსული ადამიანების სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომავლობა.

ხან ამბობენ, რომ უნდა შემოვუშვათ, რადგან გაურბიან მობილიზაციას და თითოეული რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ეს არის ერთი ჯარისკაცით ნაკლები უკრაინის ფრონტზე და მეორე მხრივ ამბობენ, რომ არ უნდა შემოვუშვათ იმიტომ, რომ უსაფრთხოების რისკებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

—————————————————

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთიდან შემოსულ პირთა სტატისტიკას გამოაქვეყნა.

მათი თქმით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

  • 17 სექტემბერს გადმოკვეთა 6986 – გადაკვეთა 7406-მა;
  • 18 სექტემბერს გადმოკვეთა 6606-მა ; გადაკვეთა – 6743-მა;
  • 19 სექტემბერს გადმოკვეთა 6411-მა; გადაკვეთა 6782-მა;
  • 20 სექტემბერს გადმოკევთა 5603-მა; გადაკვეთა 6199 -მა;
  • 21 სექტემბერს გადმოკვეთა 6402- მა; გადაკვეთა 6011 -მა;
  • 22 სექტემბერს გადმოკვეთა 6150-მა; გადაკვეთა 6050 -მა;
  • 23 სექტემბერს გადმოკვეთა 9307-მა; გადაკვეთა 6214-მა;
  • 24სექტემბერს გადმოკვეთა 9330 – მა; გადაკვეთა-6249-მა;
  • 25 სექტემბერს გადმოკვეთა 11 143-მა; გადაკვეთა 5519-მა;
  • 26 სექტემბერს გადმოკვეთა 10 804-მა; გადაკვეთა – 4947-მა რუსეთის მოქალაქემ.