პაპუაშვილი სხდომაზე ელჩების არმოწვევაზე: უმჯობესია, არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე და ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი შეკითხვაზე, ელჩები რატომ არ მოიწვიეს პირველ სხდომაზე, აცხადებს, რომ დღეს ეროვნული დღეა, უცხო ქვეყნის ელჩების დასწრება სხდომაზე კი მისი თქმით, „არასათანადო ჩარევაა შიდა პოლიტიკაში“.

„განვაცხადე ამაზე, ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას, ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება სამწუხარო ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვფიქრობთ, ყველასთვის კარგი და უმჯობესია, სწორედ იმიტომ რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს.

ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ისინი მუდმივად იყვნენ 2012-შიც, 2016-შიც, 2020-შიც, პაპუაშვილმა თქვა, რომ ახლა 2024-ია.

პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლში მითითებულია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოს და საზოგადოების წარმომადგენლები.

2020 წელს მეათე მოწვევის პირველ სხდომას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.