საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები და მათი თანამოაზრეები ანტიდასავლურ პროპაგანდას არ ეწევიან. კითხვაზე – აზიანებს თუ არა მათი განცხადებები და „თავდასხმები ელჩზე“ საქართველოს ინტეგრაციის პროცესს – უპასუხა, რომ განცხადებები პროცესს ვერ დააზიანებს.
„განცხადებები პროცესს როგორ დააზიანებს, ერთადერთი, რაც პროცესს დააზიანებს, ეს არის ის, რომ 12 პრიორიტეტის გარშემო არაფერი გავაკეთოთ. დღეს ოპოზიცია ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით არაფრის კეთებით არ არის დაკავებული. ჩვენმა სამმა კოლეგამ დატოვა პარტია და რატომაც დატოვეს, იმას აკეთებენ, მათ უნდათ, რომ უფრო მეტი განცხადებები აკეთონ, მე ვთქვი კიდეც, რომ არ ვთვლი საჭიროდ მათი განცხადებების კომენტირებას.
რაც შეეხება ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ახსენეთ, აქ შემიძლია ცალსახა ვიყო – არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ამ ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან არ არის. სასაცილოა ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა – ზოგიერთ ოპოზიციონერს თუ სამოქალაქო აქტივისტს. სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყავალეშვილმა 28 ივნისს პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს, მათი თქმით, „სიმართლის თქმისთვის“ მათ თავისუფალი დეპუტატის მანდატი სჭირდებათ. დღეს ცნობილი გახდა, რომ რეგიონების საკრებულოებში „ქართული ოცნება“ რამდენიმე წევრმა დატოვა. გადაწყვეტილებას ისინიც ამავე მიზეზით ხსნიან – სჭირდებათ თავისუფალი მანდატი „სიმართლის სათქმელად ხალხისთვის“.