პაპუაშვილი: ტელევიზიებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, „ოცნების" კლიპი არ გაუშვან

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ტელევიზიებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, „ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპი არ გაუშვან”.

მისი თქმით, „კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, იწვევს შედეგს”.

საქმე ეხება „ტვ პირველის”, „ფორმულას” და „მთავარი არხის” გადაწყვეტილებას, ეთერში არ გაუშვას მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეო, რომელშიც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაბომბილი ქალაქები, ეკლესიები, სკოლები, ავტობუსები ჩანს, მეორე მხარეს კი – კადრები საქართველოს დაუბომბავი ქალაქებიდან. „ქართული ოცნების” მესიჯია: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა”.

ტელეკომპანიების განცხადებით, „მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ ხელი შეუწყონ  „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და უარს ამბობენ „ამორალური” ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ოცნებას” ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი”.

მმართველი პარტიის ამ კამპანიას ევროკავშირის ელჩმა „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა.

„მედიაკოალიციამ” და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” მხარი დაუჭირეს ტელევიზიების გადაწყვეტილებას და მოუწოდეს კომუნიკაციების კომისიას, „არ დაავალდებულოს ისინი, ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას”.

შალვა პაპუშვილის განცხადებით, „ის, რასაც ტელევიზიები აკეთებენ, არის თავნებობა”, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ „შექმნან არათანაბარი საარჩევნო პირობები „ქართული ოცნებისთვის”, რასაც, მისივე თქმით, თავის მხრივ, ბიძგი პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ მისცა.

„კანონის დარღვევა იწვევს შედეგს. იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა. ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის თვითნებობა, რომელსაც სამი ტელევიზია ჩადის და ეს აჩვენებს იმას, რომ უნდათ არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა ქართული ოცნებისთვის.

ჩვენ ვნახეთ როგორც ტელევიზიების, ისე ენჯეობის განცხადების საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რაც არის იმის დასტური, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებზე აქვს მავნე შედეგი. კერძოდ: ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების” წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.