პაპუაშვილი The Foreign Policy Centre-ის კვლევაზე: დაუკავშირდნენ ბატონ ო'სალივანს, ის გასცემს პასუხს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი The Foreign Policy Centre-ის მოკვლევის შესახებ ამბობს, რომ „მათ შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ბატონ ო’სალივანს“.

„გაესაუბრონ და ჩამოყალიბდნენ, საქართველო გამოიყენება თუ არა სანქციების გვერდის ასავლელად. ამას ვურჩევდი, დაურეკონ და ის გასცემს ჩვენ ნაცვლად პასუხს”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ბრიტანულმა კვლევითმა ანალიტიკურმა ორგანიზაცია The Foreign Policy Centre-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უვლის გვერდს რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის ცენტრი საქართველოა.

The Foreign Policy Center მიუთითებს, რომ საქართველო არის მანქანების მსხვილი რე-ექსპორტიორი ცენტრალურ აზიაში (ხშირად ამ არაპირდაპირი გზით ხვდება მანქანები რუსეთში)

ამასთანავე, ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების (მაგ., ჩიპების, ელექტრონიკის) იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, რაც სამხედრო მიზნებისთვის რუსეთში რეექსპორტზე მიუთითებს.

გუშინ, 29 ოქტომბერს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა წერილი გაუგზავნა „ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მადლობა გადაუხადა „ორმაგი დანიშნულების ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის”.

ამავე დროს მიმართა თხოვნით, რომ „საქართველომ აკრძალოს ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში”.

„მე ადრე გაგიზიარეთ ძირითადი მაღალპრიორიტეტული ნივთების სია, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა თავის პარტნიორებთან კოორდინაციით.

სია მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც ექსპორტის შეზღუდვების ქვეშაა და რომლებიც გამოვლენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში, ან ნაპოვნია უკრაინაში ბრძოლის ველზე, ან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის.

მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის.

დამატებით, ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად.

ეს სანქცირებული ნივთებია, რასაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთი, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის.

ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა.

ამიტომ, თქვენდამი პატივისცემით, მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთშო“. – ნათქვამია დევიდ ო’სალივანის წერილში.

ო’სალივანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს.

შალვა პაპუაშვილმა ო’სალივანის წერილის ამ ნაწილის შესახებ თქვა:

„რისკი იმიტომ არსებობს, რომ საქართველო არის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის აკრძალული, სანქცირებული ტვირთია, ნარკოტიკებია, იარაღია, ყველა კონტრაბანდისტი, რომელიც მსოფლიოში დაკავებულია სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვით, ცდილობს, მოძებნოს გზები.

ამიტომ აქებს ბატონო ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენი კონტროლის მექანიზმები არის მსოფლიოში გამორჩეული, ეფექტიანი, ისე, რომ ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა მილიონები დახარჯა ენჯეოებზე იმ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რასაც 3 წელზე მეტია, ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით. ერთი ფაქტი ვერ დაასახელეს”.