პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ, სადაც კვორუმი ორჯერ არ შედგა, „პანდორას ყუთი” გაიხსნა – მისი თქმით, ამიერიდან უმრავლესობას ექნება საშუალება, რეგისტრაცია არ გაიაროს და ოპოზიციას არ მისცეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება.
„მე მგონი, ამით გახსენით პანდორას ყუთი. სამშაბათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია იყენებს ხოლმე პოლიტიკური განცხადებებისთვის. თუ არ გაიხსნება სამშაბათს სხდომა, ვერც პოლიტიკური განცხადებები გექნებათ.
თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი და მიეცით უმრავლესობას საშუალება, რომ სხვა დროს, სამშაბათს არ გაიაროს რეგისტრაცია უმრავლესობამ და დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე.
ასე რომ, თუ თქვენი პოლიტიკური კულტურა ასე გესმით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის საპასუხოდაც მიიღოთ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო ის 15:00 საათისთვის გადაიდო. დეპუტატებმა რეგისტრაცია რამდენიმე წუთის შუალედით ორჯერ გაიარეს, თუმცა საჭირო 76 დეპუტატი დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველ ჯერზე რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, ხოლო მეორე ჯერზე – 73-მა.
ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი კი სხდომათა დარბაზში იყო, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლიათ. მათ შორის არიან თეონა აქუბარდია და იაგო ხვიჩია. ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია და იაგო ხვიჩია ამტკიცებენ, რომ დარბაზში 60-მდე დეპუტატი იყო, თუმცა რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.