პაპუაშვილი: ტყუილია, რომ უცხო ქვეყნად მხოლოდ რუსეთის მითითება რისკს დააზღვევს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ტყუილია, რომ უცხო ქვეყნად მხოლოდ რუსეთის მითითება რისკს დააზღვევს.

ასე მან უპასუხა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს, რომ „გამჭვირალობის კანონში“ უცხო ქვეყნად რუსეთი  განისაზღვროს, თუ ასეთი შეთავაზება პრეზიდენტს ექნება.

„ასეთი შემოთავაზება ერთ-ერთ ოპოზიციურ ჯგუფს უკვე ჰქონდა და ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. თუკი სამიზნე არის რუსეთი, მისი მოხსენიება ამ რისკს არ აზღვევს. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სხვა ქვეყნები და იმ ქვეყნის ორგანიზაციით შემოვიდეს საქართველოში. თუნდაც ევროპული, აზიური და სხვა. ტყუილია, რომ ამას შეუძლია, მოაწესრგოს რუსეთის საკითხი.

როცა ვსაუბროთ სხვა ქვეყნებზე, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა ყველა ქვეყნისგან. არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ყველა ქვეყნისგან, ჩვენი მეზობლებისგანაც და არამეზობლისგანაც […]. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2 თვის განმავლობაში რუსული კანონის წინააღმდეგ „შინაარსობრივ მსჯელობაში არავინ შესულა“, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ხელახლა ინიციირებიდან ამ დრომდე რუსული კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინეს როგორც ოპოზიციონერებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.

14 მაისს პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.