„თანამედროვე სამყაროში ექსტრემიზმი არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ექსტრემიზმი, შიდა ტერორიზმი ევროპაში, ამერიკაში არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ყველა სახელმწიფო ებრძვის ამას. შესაბამისად, ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება, ექსტრემისტულ გამოვლინებების, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა: „თქვენი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან გუშინ გაჟღერდა, რომ შესაძლოა, სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება. ეს საკანონმდებლო ინიციატივაა თუ იდეის დონეზე განიხილება? თქვენც საუბრობდით, მათ შორის გერმანიის მაგალითზე, რომ იგივე პროცესი ცოტა ხნის წინ იყო გერმანიაში. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?“
„ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის, ძალადობის გარედან მხარდაჭერა. ამიტომ ვაწესრიგებთ ყველა იმ საკითხს, რასაც, ვაკვირდებით, ხდება პრობლემური ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.
იდეა, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული, არის ის, რომ თავისი სახელი დაერქვას ექსტრემიზმს, ექსტრემისტულ მიდგომებს. ამ მხრივ მაგალითი გვაქვს გერმანიის შემთხვევაში, სადაც, ფაქტობრივად, იდენტური ვითარებაა. შეგახსენებთ, რასთან გვაქვს საქმე. ეგრეთ წოდებულ რაიხსბიურგერების მოძრაობას 20 000 მიმდევარი ჰყავდა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა და, თუ არ ვცდები, ოთხი კაცი დაიჭირეს, მათ შორის ხელმძღვანელი. რა ხდებოდა იქ, რა არის ბრალდებები ამ მოძრაობის მიმართ? – არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს. გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი…“, – ამბობს პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში გრანტებისა და პარტიების კანონში ცვლილებების განხილვისას ლევან მაჭავარიანის შეკითხვის საპასუხოდ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლის წესითაც დაისაჯოს პირი, რომელიც საჯაროდ მოუწოდებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობისკენ.