„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ვენეციის კომისიის შეფასებაზე, რომელმაც პარტიას მოუწოდა, გააუქმოს „ქართული ოცნების FARA“, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დასკვნაა:
„ჩვენ დიდი ხანია, უკვე ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკურ ანგარიში. და ეს დასკვნა, ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივი დასკვნების“.
ჟურნალისტის კითხვას, გააუქმებენ თუ არა აღნიშნულ კანონებს, პაპუაშვილი პასუხობს – „არა, რა თქმა უნდა“. მისივე მტკიცებით, ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, რომ „ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი აღარ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით“.