საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს, – ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.
„…კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს:
– საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;
– სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს;
– პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე;
– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე;
– საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;
– საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას.
ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.