პაპუაშვილი ვეტოზე: ეს არის საპარლამენტო არჩევნებზე თავდასხმის ნაწილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ ამბობს, რომ ესაა ნადაგის მომზადება იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი.

„ვეტო არის იმ თავდასხმის ნაწილი, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ ცესკოს თავმჯდომარეზე ან ცესკოზე, ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები…ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ასევე, პაპუაშვილის თქმით, მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის წინადადებაა, რეკომენდაციების რაღაც ნაწილი არ იქნას გაზიარებული.

„აქედან დასკვნა – თურმე, ეს რეკომენდაციები არ ყოფილა ისეთი რამე, რომელსაც არ შეიძლება გადაუხვიო“, – ამბობს ის.

პარლამენტის სპიკერის თქმით, 19 აპრილის შეთანხმების გამო „ცუდი სისტემა“ დაინერგა – კვალიფიციური უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა და ცესკოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე.

„ამ აბსურდზე, სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიმტკიცებს, რომ ასეთი აბსურდი, რომელშიც 2 წელია, ვცხოვრობთ და არ მუშაობს, ყველამ დაინახა, რომ არ მუშაობს, დავტოვოთ ძალაში. ამიტომ, ვინც გვირჩევს, რომ ძალაში დავტოვოთ ძველი რედაქცია, არ შევცვალოთ კვალიფიციური უმრავლესობა და არ გავაუქმოთ ოპოზიციონერი მოადგილის მხრიდან თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, ყველა – ქართველი თუ უცხოელი – სინამდვილეში ყველა გვიბიძგებს არჩევნების დისკრედიტებისკენ. ყველა აქტორს – ქართველს და უცხოელს – დაჟინებით მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, ასეთი საუბრები რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა, მოძებნონ საბაბი, რომ არ აღიარონ არჩევნებში დამარცხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ის ამტკიცებს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან, რომ 19 პრილის შეთანხმებაზე მსჯელობის დროს კვალიფიციური უმრავლესობა და ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე მედიატორის დაწერილი რეგულაცია იყო.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მათ მოუწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებისკენ, ვენეციის კომისია კი 19 აპრილის გაუქმებული შეთანხმების შესრულებაზე მიუთითებს.

„19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, იგივეა, რომ სამსახურიდან წახვიდეთ და დამსაქმებელმა მიგითითოთ ძველ ხელშეკრულებაზე, რომელიც აღარ არსებობს, ამაზე მითითება არის საექსპერტო ხარვეზი და ჩაჭიდება ამ შეთანხმებაზე არის რადიკალების წისქვილზე წყლის დასხმა“, – ამბობს პაპაუაშვილი.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ყველა მითითება გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღებამდე დადის, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ყველა, ვინც საქართველოს ამისკენ მოუწოდებს, ჯერ თავად მივიდეს კონსენსუსამდე.

„ყველა ინსტიტუტმა, ყველა ქვეყანამ, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ ამგვარად გადაწყვეტილება. არცერთ ქვეყანაში არ  იღებენ…

ევროკავშირს 27 წევრი ქვეყანა ჰყავს, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და მიიღონ კონსენსუსით გადაწყვეტილებები, ვნახოთ, რა განწყობაზე დადგებიან, საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და შემდეგ ჩვენ მოგვიწოდონ.

საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ვისაც უნდა, გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ ჩვენ გვესაუბრონ.

არ ვართ სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის, ეს ვერ გავიგე. ასევე, რაც არის კარგი საქართველოსთვის, რატომ უნდა იყოს ცუდი ევროკავშირისთვის“, -– განაცხადა მან.


პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომას გადაეცემა.

ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მას დაუბრუნდეს.

ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში შარშან შევიდა – პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

ასევე, მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით.

რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ.