პაპუაშვილი პროევროპული აქციის მონაწილეებს 9 აპრილის დამრბევ რუს ჯარისკაცებთან აიგივებს

პუბლიკა
content image

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს 9 აპრილს თბილისში შემოსულ რუსის ჯართან აიგივებს.

პაპუაშვილი წერს, რომ ახლა, „როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა”.

მისი თქმით, „როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას”.

„განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი.

ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა.

აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი.

და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის
მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგვყოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვიცუროს.

1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას.

ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს.

ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა.

ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა.

ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დაღვრილი სისხლი გაიმარჯვებს!”, – წერს პაპუაშვილი.


რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო აქცია გრძელდება. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები მემორიალთან რჩებიან. მათ სურთ, მემორიალთან მისვლისა და მისი გვირგვინებით შემკობის უფლება არ მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

რეჟიმის პატიმრების მშობლებმა და სხვა მოქალაქეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სიმბოლურად ჩართეს საეკლესიო ზარების ჩანაწერი. მანამდე აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ რეჟიმის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.