პაპუაშვილის პასუხი აბსოლუტურად რელევანტური და აბსოლუტურად ადეკვატური იყო - კობახიძე

პუბლიკა

„აბსოლუტურად რელევანტური და აბსოლუტურად ადეკვატური“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილის მხრიდან თინა ბოკუჩავას მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება.

„ძალიან კარგი იყო, რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა, მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება, რა თქმა უნდა ნებისმიერ დეპუტატს, ნებისმიერ პოლიტიკოსს. ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაღაცა წესებს თუ არ ვეცით პატივი, ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობისგან არაფერი არ დარჩება. ეს არის ძალიან მარტივი. აქედან გამომდინარე, პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და აბსოლუტურად ადეკვატური და მინდა აქედანაც მას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო”, – განაცხადა კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.


18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები მიიტანეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშივლისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოდნენ, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.