პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონს დღეს ხელი მოაწერა

პუბლიკა

განახლება: კანონი საკანონმდებლო მაცნეზე დღესვე გამოქვეყნდა.

პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება.

იუსტიციის სამინისტრო ორ თვეში შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს, სექტემბრის დასაწყისიდან კი ორგანიზაციებს უცხო ძალის ინტერესის გამტართა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრებათ.

„დღეს მოვაწერე ხელი. ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება 2023 წლის ფინანსების დარეგისტრირებისა და დეკლარირების “, – განაცხადა მან.

ორგანიზაცების უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ აპირებენ, კანონს დაემორჩილონ.

კანონის მიხედვით, მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იმავე ქმედების ჩადენა დაჯარიმდება 20 000 ლარით.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.