პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, თუმცა არც მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნა. პაპუაშვილის თქმით, კანონს ხელს თავად მოაწერს.
„ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს ამ კანონს, ანუ ვეტო არ არის და შესაბამისად, არ არის მოტივირებული შენიშვნები. რაც ჩვენ წინა ვეტოებთან დაკავშირებით ვიხილეთ, როცა არგუმენტად მოყვანილი იყო „იმიტომ“, როგორც ჩანს, საპარლამენტო მდივანს პარლამენტში „იმიტომ“ არგუმენტით მოსვლა არ სურდა“, – განაცხადა მან.
პარლამენტმა კანონში ცვლილებები 27 ივნისს მიიღო.
3 ივნისს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპენსიო ფონდში შესატანი ცვლილებები „მავნებლური კანონია“.
„ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა“, – განაცხადა მან.