პაპუაშვილის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები „ოცნების" წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობენ 

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები – პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები  „ქართული ოცნების” წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა 22 სექტემბრის ჩათვლით დასავლელი პარტნიორებისა და ექსპერტების მიერ საერთაშორისო პოლიტიკურ კონფერენციაზე „გარდამტეხი წელი” გაკეთებულ განცხადებებზე, ასევე სტატიებსა და მედიებთან გაკეთებულ კომენტარებზე, რომლებშიც ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისინი ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოეთიდან „ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის ეს მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანზე ზეგავლენის და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა“.

“22 სექტემბრის ჩათვლით, არა თუ პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით, ბუკვალურად, დღე არ არის, რომ უცხოეთიდან არ კეთდებოდეს ან განცხადება, ან ინტერვიუ, ან პირდაპირი ჩართვა ოპოზიციურ ტელევიზიაში ან რომელიმე სტატია არ იბეჭდებოდეს, სადაც ნეგატიურ ჭრილშია წარმოჩენილი საარჩევნო მარათონში მონაწილე ერთი პარტია – „ქართული ოცნება”, ხოლო სხვა პარტიები დადებით ჭრილში არიან წარმოჩენილი, ან საერთოდ არ არიან წარმოჩენილნი.

21 დღის განმავლობაში 90 ასეთი განცხადება თუ სტატია ვნახეთ, მათ შორის 4 სტატია იყო, ამავე დროს 3 ვიზიტი განხორციელდა. როგორც გახსოვთ, მათ შორის იყო ერთი კონფერენციის ფარგლებში სადაც ბევრი უცხოელი მონაწილე იყო და იმ დღეებში განმავლობაში, ვგულისხმობ ე.წ. მაკკეინის კონფერენციას, იმ დღეებში დაკავებულები იყვნენ ფაქტობრივად ოპოზიციის საარჩევნო კამპანიით, შემდეგ ბუნდესტაგის დელეგაცია ჩამოსული, რომელიც ასევე ოპოზიციის დღის წესრიგით ესაუბრებოდა ქართველ ხალხს და შემდეგ ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ასევე სწორედ ამ მხრივ იყო“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.