პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საფრანგეთის ელჩის განცხადება, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთი შეაჩერებს, არ შეესაბამება სიმართლეს.
შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის პირდაპირი დაფინანსება.
შეკითხვაზე, აფინანსებს თუ არა საფრანგეთი მთავრობის პროგრამებს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „პროგრამები, რა თქმა უნდა, არსებობს“, თუმცა საბიუჯეტო დახმარებას საქართველო საფრანგეთისგან არ იღებს.
საქართველოს მთავრობისთვის საფრანგეთისგან მიღებული დაფინანსების შესახებ კონკრეტული ინფორმაციისთვის „პუბლიკა“ საფრანგეთის საელჩოს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.
„არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს, ამიტომ, არ ვიცი მე, სიმართლე გითხრათ, რაზე იყო აქ საუბარი. ამიტომ ცოტა გაუგებარი იყო ეს კომენტარი…
[საფრანგეთის ელჩის კომენტარი] არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის და არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს [კომენტარი].
[…] პროგრამები, რა თქმა უნდა, არსებობს, რომელსაც სხვადასხვა… უყურეთ, საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშ იგულისხმება საბიუჯეტო დახმარება და როცა ამაზეა საუბარი, არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით.
„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის.
ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რის გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან.
მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გააკეთა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. მოგვიანებით გაიმართა ბუნდესტაგის წევრების მედიასთან პრესკონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ იგეგმება მოქმედი პროექტებისა და თანამშრომლობების გადახედვა.